მარიამ ჯაში - ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინიციატივა მკაფიო გზავნილია, რომ პრევენციას ალტერნატივა არ აქვს
ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინიციატივა მკაფიო გზავნილია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ რაც არ უნდა ლიბერალიზაციისკენ ვდგამდეთ ნაბიჯებს, პრევენციას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ჯაშის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის თვალსაზრისით უწყებათაშორისი თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს.
„ნარკოპოლიტიკის საკითხი პრევენციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ძალიან აქტუალურია და ცვლილებები ფრთხილად უნდა განხორციელდეს.
„ეს იმდენად აქტუალური საკითხია ჩვენ ძალიან ფრთხილი ცვლილებების ზღვარზე უნდა გავიაროთ, განსაკუთრებით ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ის მოქმედება, რომელიც დღემდე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში ხორციელდებოდა, უნდა გააქტიურდეს და როგორც საჯარო, ასევე კერძო და საზოგადოების უფრო ფართო ფენები უნდა მოიცვას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. ამ მიზნით პრემიერთან მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომიბის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების გაწერას ითვალისწინებს.