მარიამ ჯაში განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებას ვერ ხედავს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებას ვერ ხედავს.
პირველ არხთან საუბარში მარიამ ჯაში საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ოთხი წევრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიებით პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელია.
„საზოგადოებისა და ჩემი კოლეგების განწყობას ვიზიარებ, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუ რა მოხდა. ემოცია და სიმძაფრე გასაგებია, თუმცა მეორე მხარეს არგუმენტებია და ტრაგედიის ფონზე ამ დეტალებზე საუბარი უხერხულია. 2017 წელს სკოლების ბევრად უფრო მეტი სკოლის შემოწმება მოხდა და 17 სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე იყო რეკომენდაცია, 2018 წელს კი, ცხრა შემთხვევაში მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ჯაშმა.
კითხვაზე, რატომ მოხდა სკოლის შემოწმება წინასაარჩევნოდ, ჯაში პასუხობს, რომ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აქვს.
„მექანიზმები არსებობს, რაც თანმიმდევრულია, თუმცა წინა საარჩევნო პერიოდში ამ საკითხების დამთხვევამ კითხვები გამოიწვია. დამატებითი ინფორმაციის მიღებას უნდა დაველოდოთ. ია კერზაიას შემთხვევაში გათავისუფლებაზე იყო რეკომენდაცია, თუმცა არ მოხდა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლების სამეთვალყურეო საბჭოები იღებენ და მის შემთხვევაში, საბჭომ არ გაიზიარა გენერალური ინსპექციის რეკომენდაცია. ასეთი ტრაგედიებით პოლიტიკური სპეკულაცია დაუშვებელია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში უწყებების დეპოლიტიზაცია მოხდა, რადგან პოლიტიკა სკოლისა და განათლების სისტემაში არ უნდა იყოს. ჩატარებული ინსპექცია პროცედურის მიხედვით მოხდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ იკვეთება მინისტრის გადაყენების აუცილებლობა”, – განაცხადა ჯაშმა.