მარიამ ჯაში - გამომცემლების განცხადება, რომ კონკრეტული საავტორო ჯგუფების ინტერესების დაცვა ხდება, საფუძველს მოკლებულია 
მარიამ ჯაში - გამომცემლების განცხადება, რომ კონკრეტული საავტორო ჯგუფების ინტერესების დაცვა ხდება, საფუძველს მოკლებულია 

მიმდინარე კვირაში დამატებით საკონსულტაციო შეხვედრას ჩავნიშნავთ, სადაც ნებისმიერ ავტორს და ნებისმიერ გამომცემლობას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს სამუშაო პროცესში,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარიამ ჯაშის თქმით, საფუძველს მოკლებულია გამომცემლების განცხადება, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კონკრეტული გამომცემლის ინტერესების დაცვა.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახელმძღვანელოს დაცვის გარანტიები კანონმდებლობის დონეზე უნდა გაძლიერებულიყო, პირველი მოსმენით 2018 წლის დეკემბერში იყო განხილული. შესაბამისად, თუკი არსებობდა ასეთი აზრთა სხვადასხვაობა და იყო დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობა, უნდა დაფიქსირებულიყო დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ავტორისთვის, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის გარანტიები, პატივი მივაგოთ მემკვიდრეობას, რომელიც ნამდვილად უნიკალური პედაგოგიური მეთოდიკით არის შემონახული ჩვენს საგანმანათლებლო ტრადიციებში და ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით იყოს მიღებული გადაწყვეტილება“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა კრიტიკული აზრის გათვალისწინება მოხდა და მომავალ შეხვედრაზე ერთობლივად უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც პატივს სცემს კულტურულ მემკვიდრეობას და პროცესთან დაკავშირებით გამორიცხავს ნებისმიერ კითხვას .

„საბოლოო მიზანი გახლავთ სამინისტროს ბაზაზე კომისიის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო რესურსი და არა კონკრეტულ ავტორთა ჯგუფი თუ გამომცემლობის წიგნი. კითხვები საავტორო ჯგუფების ინტერესებთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული. შეხვედრებზე ყველა დარწმუნდება რომ ერთადერტი მოტივაცია არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და დარწმუნებული ვარ, მივალთ შედეგამდე, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

20-ზე მეტი გამომცემელი აცხადებს, რომ გამომცემლობა „დედაენა” კონკურსის წესის გვერდის ავლით, გრიფის მინიჭების გარეშე დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების შეტანას ცდილობს. გამომცემლების განცხადებით, გამომცემლობა „დედაენამ” ვერ გაიარა გრიფირების კონკურსი და ახლა კონკურსის გვერდის ავლით სურს, მიაღწიოს მიზანს. გამომცემლების ინფორმაციით, კონკრეტულ გამომცემელს ლობირებს საინიციატივო ჯგუფი „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება”, რაც მათი თქმით, დანარჩენებს არათანაბარ პირობებში აყენებს.