მარიამ ჯაში - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებაზე ცვლილებების შეჩერების ერთ-ერთი თემა დიპლომატიური უხერხულობაც იყო
მარიამ ჯაში - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებაზე ცვლილებების შეჩერების ერთ-ერთი თემა დიპლომატიური უხერხულობაც იყო

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განმარტავს, რომ 12 აგვისტოს, დიდგორობის უქმედ გამოცხადებაზე ნუკრი ქანთარიას კანონპროექტის განხილვის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი დიპლომატიური უხერხულობა იყო.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, მარიამ ჯაშმა „შრომის კოდექსში“ ნუკრი ქანთარიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროცესის შეჩერებაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მსგავსი შინაარსის კანონპროექტი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა წარადგინა.

„დიპლომატიის კუთხით უხერხულობა ერთადერთი მიზეზი არ იყო. იმ პერიოდში პოზიციები არსებობდა, რომლის გამოც განხილვებისთვის დამატებითი დრო მოითხოვეს. შეგვიძლია, ამ თემას შემდეგი განხილვებისთვის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დავუბრუნდეთ. უხერხულობა არსებობდა, მაგრამ ვერც ერთი საელჩო და დიპლომატიური კორპუსი ვერ ჩაერევა სუვერენულ უფლებებში, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ერთ-ერთი თემა დიპლომატიური უხერხულობა იყო, თუმცა არა – ერთადერთი. ამ საკითხს ქილიკი სოციალურ ქსელშიც მოჰყვა, რომ თითქოს, დასვენების კიდევ ერთ დღეს ვამატებდით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომელსაც ემზარ კვიციანი გამოეხმაურა.

ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა ელჩმა შეაჩერა.

„მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვით. სიმართლეს უნდა ლაპარაკი“, – მიმართა ჯაშს კვიციანმა.

თავის მხრივ, ემზარ კვიციანს მარიამ ჯაშიც გამოეხმაურა.

„იმ პერიოდში დიპლომატიური უხერხულობა შეიქმნა, თუმცა ამ საკითხს ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს თემა მხოლოდ პატრიოტული მოტივების არ არის, საკითხს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე კრიტიკულად უნდა შევხედოთ. უარყოფითი შეფასება არც ერთ ჩვენგანს არ ექნებოდა, პირიქით, დადებითი გვქონდა. თუ რამე გვაერთიანებს, ჩვენი ეროვნული წარმატებაა, რაც ისტორიაში მრავლად გვაქვს. ამას უფრო მეტად კრიტიკული შეფასება სჭირდებოდა, რადგან გარკვეული პოლიტიკური რეალობა არსებობს, რასაც დამატებითი განხილვა სჭირდება. ჩვენი დიპლომატიური შემადგენლობა შეცვლილია და დამატებითი დისკუსია გასაგრძელებელია, უქმე დღეზე უნდა ვიმსჯელოთ და ისტორიკოსებთან ერთად სხვა ალტერნატივების განხილვაც არ უნდა გამოვრიცხოთ. თუკი ვინმე სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სიფრთხილეს გამოიჩენს, ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც არაეროვნული პოზიცია“, – განაცხადა ჯაშმა.

ნუკრი ქანთარიამ 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე ცვლილებები მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას მოამზადა და ცვლილებები პირველი მოსმენით გავიდა, მაგრამ პროცესი შეჩერდა და ამის მიზეზად თურქეთის რეაქცია დასახელდა. მსგავსი ინიციატივა ემზარ კვიციანმაც მოამზადა, რომელსაც მხარი პარლამენტის განათლების კომიტეტმა ექვსი მომხრე ხმით დღეს დაუჭირა.