დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას განათლების საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა 
დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას განათლების საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა 

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა, ექვსი მომხრე ხმით, 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

დეპუტატებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

კვიციანის განმარტებით, ცვლილებებით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

დეპუტატი ამბობს, რომ ინიციატივით, დიდგორის ბრძოლის დაფასება და ამ დღისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ხდება.

„დავით აღმაშენებელის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვება საქართველოს სიმბოლოა. ეს დღე სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით მნიშვნელოვანია. მსგავსი საკითხი განსახილველად ნუკრი ქანთარიას ჰქონდა შემოტანილი და მას მხარი „პატრიოტებმა“ დავუჭირეთ და ეს პროცესი რატომღაც შეჩერდა. შეიძლება უხერხულობაც არის, რომ ჩვენ შემოვიტანეთ, მაგრამ ეს იმას არ აკნინებს, რომ მხარს ვუჭერდეთ ნუკრი ქანთარიას. მზად ვარ, ცვლილებები უკან გავიტანო, ოღონდ, პროცესი გავაგრძელოთ. მეოთხე სასმისით წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამთ და დღეს, ჩვენს წინაპრებს პატივი მივაგოთ“, – განაცხადა კვიციანმა.