მარიამ ჯაში - ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.
როგორც ჯაშმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი ოპერაცია, რომელიც პაციენტს გულ-მკერდის არეში დასჭირდა, წარმატებით დასრულდა. დეპუტატის თქმით, დამატებითი კვლევების შემდეგ კი მეორე ოპერაციის დაწყება გახდა საჭირო, რადგან კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ გამსახურდიას ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა.
„ჩატარდა გულ-მკერდის არეში ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია მოხერხდა. მეტნაკლებად სტაბილიზაციის მიღწევის შემდგომ, უკვე შესაძლებელი გახდა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება. კერძოდ, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც სამწუხაროდ გამოიკვეთა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და მრავლობითი სისხლჩაქცევები. სწორედ ამიტომ, ასევე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, სასწრაფოდ დაიწყო ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც ალბათ, სულ მცირე კიდევ ორი საათი გაგრძელდება. შემდეგ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ექიმებისგან“,- განაცხადა დეპუტატმა.
ჯაშის თქმით, ექიმების გუნდი სრულად მართავს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„ამ ეტაპზე ხეჩინაშვილის გუნდი სრულად მართავს ცოტნეს მდგომარეობას. პირველ ეტაპზე გაკეთდა მაქსიმუმი, დღეს დამატებით სამედიცინო სერვისზე საუბარი ნაადრევია. იმედი გვაქვს, რომ პირველი ორი დღის სტაბილიზაციის შემდგომ ექიმების გადაწყვეტილებით დამატებითი დახმარება იქნება საჭირო. ბუნებრივია, სრულ მზადყოფნაშია თანამშრომლობისთვის კლინიკა და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე მთელი საზოგადოების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. ამ ეტაპზე მთავარია ნეიროქირურგიული ოპერაციის წარმატებით დასრულება“,- აღნიშნა ჯაშმა.
ამასთან, როგორც პირველი ოპერაციის დასრულების შემდეგ ქირურგმა, გიორგი გვახარიამ განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.