მარიამ ჯაში - აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციას
მარიამ ჯაში - აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციას

აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციას და გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის პროგრამა ეროვნულ დონეზე მოახერხებს ცე ჰეპატიტის პრობლემის აღმოფხვრას, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატმა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კრიტიკას უპასუხა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაზე უნიკალურ პროექტში, უპრეცედენტო პროექტში მსოფლიო მასშტაბით ეძებენ კრიტიკას და არა იმ 45 ათას სიცოცხლეს, რომელიც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გადარჩა. მთავარი კითხვაა – შეძლებს თუ არა საქართველო ცე ჰეპატიტის ელიმინაციას 2020 წლისთვის. 2015 წელს დაიწყო „სოვალდის“ პროგრამა 10 000 პაციენტისთვის და წელიწადნახევარში პროგრამა სრულად გავრცელდა, გაფართოვდა ყველა სტადიის მქონე პაციენტზე უკვე „ჰარვონი“ კომპონენტის დამატებით. დღეისთვის ტესტირებულია მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი და მკურნალობა გაიარა 50 ათასამდე პაციენტმა. მათი 98 პროცენტი არის განკურნებული“, – განაცხადა ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის პირველ ფაზაში ტესტირება უკვე გაიარა მოსახლეობის 40-მა პროცენტმა, ტესტირების შემდგომ სრული დიაგნოსტიკური პროცესი და მკურნალობა დაასრულა 50 000-მა ადამიანმა.

„ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ორ წელზე მეტი და აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის სრული დიაგნოსტიკური გაფართოების პირობებში, 600-ზე მეტ სკრინინგულ ცენტრში მიმდინარეობს ტესტირება, საქართველომ მიაღწიოს ელიმინაციას და საქართველო მსოფლიოში გახდეს პირველი ქვეყანა, რომლის პროგრამა ეროვნულ დონეზე მოახერხებს ცე ჰეპატიტის პრობლემის აღმოფხვრას. ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი, საქართველო მსოფლიოში იქნება ყველაზე ახლოს ელიმინაციის ამოცანასთან. მსოფლიო საზოგადოება, სამედიცინო და ჯანდაცვის საზოგადოება გლობალური მასშტაბით უყურებს საქართველოს მაგალითს და ვფიქრობ, წარმატება გარდაუვალია“, – განაცხადა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა.

დატოვე კომენტარი