ნინო წილოსანი - ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა შესაძლებლობა, რომ აქციების დროს ფატალური შემთხვევა მოხდეს, ეს არის ყურადსაღები თავად აქციის მონაწილეებისთვის
ნინო წილოსანი - ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა შესაძლებლობა, რომ აქციების დროს ფატალური შემთხვევა მოხდეს, ეს არის ყურადსაღები თავად აქციის მონაწილეებისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ფაქტობრივად, დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს ამ აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მინაწილე ადამიანებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„„Ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია. მათ შორის, მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც მათ აკერმანიდან აქვთ მიღებული. უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა ხდება სამართალდამცავების მხრიდან. სამართალდამცველები მაქსიმალურად ერიდებოდნენ აქციის მონაწილეებთან უშუალოდ შემხებლობაში შესვლას. ისინი პარლამენტის შენობის შიგნითაც კი განთავსდნენ, რათა ასეთი ტრაგიკული სცენარები არ განვითარებულიყო მათივე ინიცირებით. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თავადვე აორგანიზებენ. ასევე, მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ გულმხურვალე პოზიციას გამოხატავენ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის მიმართ, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი ბოროტი პოლიტიკური აქტორების მხრიდან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.