ექიმ-ნუტრიციოლოგს, პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმის“ ავტორსა და წამყვანს მარი მალაზონიას სოლიდარობის ელჩის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ტექნოპარკში საქველმოქმედო აუქციონზე გახდა ცნობილი, რომელსაც „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ მართავს.
როგორც მარი მალაზონიამ განაცხადა, მისთვის სოლიდარობის ელჩის სტატუსი არის ჯილდოც და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.
„სოლიდარობის ელჩის სტატუსი არის ჯილდოც და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა. ბავშვებსა და ახალგაზრდებზეა ლაპარაკი, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი აქვთ. დიაგნოზი, რომელსაც არ უნდა შევხვდეთ როგორც განაჩენს. მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა არის ყველასთვის აუცილებელი, რადგან ერთი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ არის. სათქმელის მიტანა საზოგადოებამდე სწორედ ელჩის მოვალეობაა“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.
საქველმოქმედო საღამოზე სოლიდარობის ელჩის სტატუსი მიენიჭა ასევე რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს.
„სოლიდარობის ფონდი“ ტექნოპარკში საქველმოქმედო აუქციონს მართავს, რომელზეც 36 ლოტია წარმოდგენილი. აქედან 27 ნამუშევარი ისეთ ცნობილ მხატვრებს ეკუთვნით, როგორებიც არიან რუსუდან ფეტვიაშვილი, გია გუგუშვილი, თენგიზ მირზაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გია ბუღაძე და სხვა ხელოვანები.
საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება გურამ დოჩანაშვილის ხელნაწერი, ვერიკო ანჯაფარიძის ყელსაბამი, ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის დაფა, ნინო ანანიაშვილის პუანტები, ზაზა ფაჩულიას მაისური ხელმოწერით და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურთი ავტოგრაფით.
საქველმოქმედო საღამოზე „სოლიდარობის ფონდი“ გამოავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც ონკოლოგიური დაავადების მონე ბავშვების და 22-წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად 2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დონაცია განახორციელეს.