მარეკ შჩიგელი - მადლობელი ვარ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით დაინტერესებისთვის
მქონდა სიამოვნება, მივსალმებოდი და ინფორმაცია მიმეწოდებინა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთვის ენგურის ხიდზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც შჩიგელი აცხადებს, მან ვლადიმირ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რაც პანდემიის გამო მეტად გართულებულია.
მარეკ შჩიგელის განცხადებით, მადლობელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით დაინტერესდა.
„განვმარტე აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც უფრო გართულდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო. მადლობელი ვარ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით დაინტერესებისთვის“, – წერს მარეკ შჩიგელი.