მანუჩარ კაპანაძე - მოლაშვილის და ე.წ. კაბელების საქმეებთან დაკავშირებით გასაუბრებაზე კითხვები არ დაუსვამთ
კონკრეტულ საქმეებზე კითხვები არ დასმულა, – ასე უპასუხა უვადოდ გამწესების მსურველმა მოსამართლემ მანუჩარ კაპანაძემ ჟურნალისტის კითხვას, დაისვა თუ არა სულხან მოლაშვილთან ან ე.წ. კაბელების საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვები.
მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უკვე გაიარა. მანუჩარ კაპანაძე ის მოსამართლეა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო, ასევე პირველ ინსტანციაში კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე.
კაპანაძემ მის მიერ განხილულ საქმეებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ გასაუბრების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
“გასაუბრების პროცესმა ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. კითხვებზე, რაც დაისვა საბჭოში, ვფიქრობ, პასუხიც ამომწურავად იქნა გაცემული. დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას, სწორ გადაწყვეტილებას ველოდები”,- აღნიშნა კაპანაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.