მამუკა სალუქვაძე - მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის დოკუმენტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი
მამუკა სალუქვაძე - მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის დოკუმენტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი

მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის დოკუმენტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი, რომელზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ავსტრიელი სპეციალისტები , – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტის” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც დედაქალაქის გენერალური გეგმას განიხილავენ.

ამასთან, სალუქვაძე აცხადებს, რომ ისეთ მასშტაბურ დოკუმენტზე,  როგორიც დედაქალაქის მიწათმოწყობის გენგეგმაა, ბუნებრივია, შენიშვნები უნდა არსებობდეს, თუმცა თბილისის მერიის შენიშვნები გაუგებარია.  მისივე თქმით,  მერია კონკრეტიკას ითხოვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გენგეგმა კი ზოგადი დოკუმენტია, რომლის მიღების შემდეგაც კონკრეტული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები უნდა შემუშავდეს.

“დღევანდელ შეხვედრაზე ვუპასუხებთ იმ შენიშვნებს, რომელიც მერიას ჰქონდა. არავინ ამბობს, რომ შენიშვნები არ უნდა ყოფილიყო. ამხელა დოკუმენტი კი არა, ერთი სახის პროექტი როცა კეთდება, შენიშვნები მაშინაც არსებობს. ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა არსებობდეს. ჩვენ ვმუშაობდით ყველაფრის გათვალისწინებაზე, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა, რისიც არ შეიძლებოდა, ამასაც ვიტყვით დღეს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ზოგადი დოკუმენტი, არსებობს კიდევ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, რომელიც უნდა პასუხობდეს კონკრეტიკას. გენგეგმა სათავეს უდებს სხვა, უფრო კონკრეტული პროექტების შემუშავებას. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არ უნდა იყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი, რომელზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად მეშაობდნენ გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ავსტრიელი სპეციალისტები”, – განაცხადა სალუქვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

მერიას გენგეგმის მიმართ შენიშვნები აქვს.  ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება. მისივე თქმით, გენერალური გეგმის ავტორების მიერ არ არის შემოთავაზებული, როგორ უნდა განხორციელდეს დოკუმენტში გაწერილი ძირითადი კონცეფციები.