მამუკა მდინარაძე - შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე კონკრეტულ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდეს
მამუკა მდინარაძე - შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე კონკრეტულ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდეს

შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე კონკრეტულ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ხანდაზმულობის ვადას არ ეხება. ცვლილება, მისივე თქმით, ნებისმიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხება.

„ცვლილება შეეხება 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ხუთი წლით გახანგრძლივებას და საუბარია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე.

გარდა იმისა, რომ მთავარი არგუმენტი და მათ შორის, მორალური ვალდებულება პირველი პრეზიდენტის ოჯახის წინაშე არსებობს იმის შესახებ, რომ მიეცეს პროკურატურას ვადა, ამ საქმეზე გამოძიება გააგრძელოს, ხშირად ყოფილა კამათი, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ხანდაზმულობა უნდა იყოს გაცილებით მეტი.

არის კონკრეტული შემთხვევები, როცა საერთოდ ხანდაზმულობის ვადაზე არ ვსაუბრობთ და ასეთი ვადა არ არის. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს და კონკრეტულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე საერთოდ არ იყოს ხანდაზმულობის ვადა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადდა.