მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ როგორც კი დაინახა ქმედითი ნაბიჯები დიდი შერიგებისკენ, საწინააღმდეგო, ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსებს
ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, ან მკვლელი, ან მწამებელი, რომ ვინმემ რომელიმე მათგანის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს. ერთი ფრაზა ვინმემ დაასახელოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ როგორც კი დაინახა ქმედითი ნაბიჯები შერიგებისკენ, იმწამსვე ამის საწინააღმდეგო ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ რუსებს უნდა მოუხადოს ბოდიში.
„ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენი დები და ძმები, არიან თუ არა ისინი ჩვენი დები და ძმები? ურთიერთმიტევებასა და ბოდიშზე პანიკასა და კრუნჩვებში რომ ჩავარდნენ, დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე არ არსებობს. რა გზას ვირჩევთ? როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები, მოხდა თუ არა იმის მარტივი და სრული ლუსტრაცია, რომ ისინი ომის პარტიას, ომის ნარატივს წარმოადგენენ? დიახ, მართლა ომი უნდათ.
ოპოზიციაში როგორც კი დაინახეს ქმედითი ნაბიჯები დიდი შერიგებისკენ, იმწამსვე ამის საწინააღმდეგო ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ რუსებს უნდა მოუხადოს ბოდიში ან ანწუხელიძის მკვლელს და მწამებელს უნდა მოუხადოს. რატომ სჭირდებათ ასეთი ბინძური ტყუილი? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ – და სწორად ვამბობთ – რომ ოსები და აფხაზები არიან ჩვენი დები და ძმები. ჩვენ ამ ქვეყნის მხოლოდ ტერიტორიის კი არა, ხალხების გაერთიანება უნდა შევძლოთ ურთიერთპატიებით, მიტევებით, და დიდი შერიგების წინაპირობად საჭიროა, ძლიერმა გადადგას ნაბიჯი და თქვას, რომ დიახ, მე თქვენ, აფხაზებს, ოსებს, და არა მკვლელებს და მწამებლებს, არა გმირების მკვლელებს და არა ოკუპაციის ავტორებს, არამედ ჩვენს დებს და ძებს შემიძლია, მოვუხადო ბოდიშიც, დავდგე ჩემს თავზე მაღლა, ურთიერთპატიების ნაბიჯები გადაიდგას და ქვეყანა და ხალხები გაერთიანდეს და არა – ტერიტორიები.
2007 წელს ჰქონდათ კამპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილმა უფრო ადრე იცოდა, რა სჭირდებოდათ მის პატრონებს, კამპანია იყო დალაგებული ბოდიშის, რადგან ეს იყო გზა ურთიერთმიტევებისკენ, შერიგებისკენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ძალიან დიდმა რეჟისორმა, ზაზა ურუშაძემ „მანდარინები“ გადაიღო; ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ვეფხვი და მოყმის ძეგლი დავდგით; ვართ ქვეყანა, სადაც შერიგების მინისტრი გვყავს და ესენი რომ მიუშვა, შეიძლება, შურისძიების სამინისტრო გააკეთონ.
არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ვინმემ ბოდიში უნდა მოუხადოს. გავიმეორებ, ის მკვლელები და გმირების მწამებლები ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკშვილია ქართველი. მიხეილ სააკაშვილის ქცევებით იხელმძღვანელოს რომელიმე ოსმა ან აფხაზმა და ქართველებზე ილაპარაკოს, რომ ჩვენ მკვლელები და მწამებლები ვართ? ამ ლოგიკით, ხომ შეუძლიათ, იგივე დაალაგონ და ცოტა გონს მოეგონ, რაში შედიან და ვის სახელებს და გვარებს სვრიან ამ თემაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.