ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადდა.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, ცვლილებების ინიცირება უკვე მოხდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლითაც ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება.

„ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით დავიწყებთ, რომლითაც გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ვალდებულება არ ექნება. ეს ინიციატივა ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება, როგორიცაა – მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება, პირველ რიგში, განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით, რათა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება იყოს განხორციელებული და დრო მაქსიმალურად იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნული ცვლილებების ავტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.