მამუკა მდინარაძე - როდესაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელზე დავაც კი არ შეიძლება, ოპონენტები ამ პროცესს თვალთმაქცობას, კეკლუცობას არქმევენ
მამუკა მდინარაძე - როდესაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელზე დავაც კი არ შეიძლება, ოპონენტები ამ პროცესს თვალთმაქცობას, კეკლუცობას არქმევენ

როდესაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელზე დავაც კი არ შეიძლება, ოპონენტები ამ პროცესს არქმევენ თვალთმაქცობას, კეკლუცობას, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო თემაზე ინიცირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებებს.

მისი თქმით, „ის რაც არ მოსწონს ოპოზიციას, მოსწონთ საერთაშორისო პარტნიორებს და ქართულ საზოგადოებას“.

„როცა ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელზეც დავაც კი არ შეიძლება და ოპონენტებიც ვერ ამბობენ, რომ ეს ცუდია, ამბობენ იმას, რომ უბრალოდ, ეს არის კეკლუცობა. როცა კრიტიკაც კი შეუძლებელია, ამის შემდეგ პროცესს არქმევენ თვალთმაქცობას, კეკლუცობას. გაიხსენეთ, ასეულობით მესიჯი იყო ჩვენს კარგ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ყველას კეკლუცობა, თვალთმაქცობა დაარქვეს. სინამდვილეში, კანონპროექტის მიზანია, არჩევნების მაღალი ხარისხით ჩატარება და პრევენცია, რომ კანონმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მყარად უზრუნველყოს და სპეკულაციის სივრცე საერთოდ არ იყოს დარჩენილი. ის, რაც არ მოსწონს ოპოზიციას, შემდეგ მოსწონთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ოპოზიციაში კი მმართველი გუნდის ამ ინიციატივას თვალებში ნაცრის შეყრად აფასებენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დარღვევებისთვის არავის დასჯას აპირებს.