მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ევროპარლამენტის მისიის მიერ ფაქტების დადგენა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან ფაქტები მათ მხარეს არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის სურვილია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გიგი უგულავას საქმეზე საკუთარი შეფასებები განიხილონ და არა – ფაქტები.
მისივე თქმით, ოპოზიცია ფაქტებს გაურბის, ვინაიდან ფაქტები მათ ინტერესებთან შეუსაბამოა.
რაც შეეხება უგულავას საქმის შესასწავლად მისიის გამოგზავნის საკითხს, მდინარაძის განმარტებით, ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ევროპარლამენტი ასეთ ფორმატს არ იცნობს.
„ოპოზიცია გვთავაზობს, რომ მათი შეფასება განიხილონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენ ვეუბნებით, რომ განიხილონ ფაქტები. ფაქტების ეშინიათ, რადგან მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს.
როცა საუბარი დავიწყეთ შესაბამისი მისიის ჩამოყვანაზე, პანიკაში ჩავარდნენ და საოცარი განცხადება გააკეთეს, რომ ევროპარლამენტი ასეთ ფორმატს არ იცნობს, რაც ტყუილია. ეს ტყუილი დღესვე გამოაშკარავდა, მოკლე ფეხებიანი აღმოჩნდა. მისიის მიერ ფაქტების დადგენა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან ფაქტები მათ მხარეს არ არის, ყველაზე ძალიან ფაქტების ეშინიათ. ფაქტების დადგენის მისიაზე მათი განცხადება არაადეკვატურია“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.
თუმცა, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.