შალვა პაპუაშვილი - გვყავს პარტიები, რომლებიც სულ უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად არიან, ამიტომაც უთხრა მათ უარი ქართველმა ხალხმა
შალვა პაპუაშვილი - გვყავს პარტიები, რომლებიც სულ უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად არიან, ამიტომაც უთხრა მათ უარი ქართველმა ხალხმა

გვყავს პარტიები, რომლებიც სულ უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად არიან, ამიტომაც უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ოპოზიციის მოწოდებებზე არ გამოდის, გვერდში არ უდგას, ამიტომ მიდიან უცხოელებთან.

„ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნების დიპლომატების იმედად, ასე იყვნენ სულ, ასე არიან ახლა და ამიტომაც უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი, რომ მათ, ამ პარტიების, რომლებიც დადიან ოფის-ოფის უცხოელებთან, ქართველ ხალხს მათი იმედი არ აქვს. ამიტომ კამპანიაც არ ჩაატარეს. სადმე გინახავთ, რეგიონში დადიოდნენ, ხვდებოდნენ ვინმეს, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა და ქართველ ხალხს ხვდებოდნენ? თუ დადიოდნენ, ერთი საელჩოდან მეორეში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ მათგან ელოდებიან ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცეს იმ დიდ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველაფერ ქართულს უარყოფს, ისტორიას ხაზავს, ეკლესიას ებრძვის, რომლისთვისაც ქართული ინტერესი საერთოდ არაფერია, დღესვე სხვა ქვეყნის ინტერესზე ისე გაცვლის, როგორც არაფერი.

„როგორც ეს გააკეთეს 2022 წლის მარტში, როდესაც გამოვარდნენ ქუჩაში და ითხოვდნენ, რომ ქართველები გაგვეგზავნა უკრაინაში საომრად, იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა და მათთვის უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე საქართველოს და ქართველი ერის ინტერესს, ქართველების სიცოცხლეს. პირდაპირ უნდოდათ, თვითმფრინავებით გაეგზავნათ ქართველები უკრაინაში საომრად. მათთვის საქართველო არ არის ფასეულობა, მათთვის არ არის ქართული დროშა, ქართული ჰიმნი, ხედავთ, რა დროშებს აფრიალებენ და რა ჰიმნებს მღერიან და ვხედავთ, ვის კაბინეტებსა და ოფისებში დადიან ეს ადამიანები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.