მამუკა მდინარაძე - ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას
მამუკა მდინარაძე - ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას

პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის კომენტართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალებებზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასება იყო.

„სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით. ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას. ურჩევნიათ არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის შეწყალებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ამ საკითხს არგუმენტირებული პასუხი უნდა გასცეს.

„ნაცვლად სპეკულაციებისა, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას მართებს ასეთივე არგუმენტირებული პასუხი გასცეს იმას, რაც არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ მრავალმა დეპუტატმა განაცხადა.

როდესაც მეორე მხრიდან მიდიოდა სპეკულაციური საუბარი, რომ ვიღაცას შეუზღუდეს თავისუფლება და ეს იყო რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირების ფონზე, მოდით, ნუ შეგვიზღუდავს ნურავინ ასეთი პოლიტიკური შეფასებების საშუალებას. კეთილი ინებონ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს სამართლებრივი პროცედურების დაწყებას პრეზიდენტის მიმართ და პასუხი გასცენ პოლიტიკურ შეფასებაზე არგუმენტებით, თუ ასეთი არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი. მისი თქმით, მსგავსი განცხადების შემდეგ, კობახიძე პროკურატურაში უნდა მიდიოდეს და შესაბამის ორგანოებს აწვდიდეს ინფორმაციას.

შეწყალების საკითხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი – უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე, ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.