ფიქრია ჩიხრაძე - როდესაც ქვეყნის მეორე პირი პირველ პირს ძალიან მძიმე დანაშაულებში ამხელს, ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი
ფიქრია ჩიხრაძე - როდესაც ქვეყნის მეორე პირი პირველ პირს ძალიან მძიმე დანაშაულებში ამხელს, ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღესვე უნდა მიდიოდეს პროკურატურაში და სათანადო ორგანოებს შესაბამის ინფორმაციას აძლევდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადება, არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი.

„ამ შემთხვევაში, ის კი არ არის მთავარი ჩვენ რას ვუპასუხებთ ირაკლი კობახიძეს, ისეთი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის კორუფციაში დადანაშაულების კუთხით, მიზანმიმართულ საბოტაჟთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, დღესვე უნდა მიდიოდეს პროკურატურაში და სათანადო ორგანოებს შესაბამის ინფორმაციას უნდა აძლევდეს. ამ შემთხვევაში, ეს არ არის კონკრეტულად პრეზიდენტის პრესტიჟის ან სხვა საქმე, აქ არის სახელმწიფოს პრესტიჟზე საუბარი, როდესაც ქვეყნის მეორე პირი ამხელს ქვეყნის პირველ პირს ძალიან მძიმე დანაშაულებში, ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, პასუხისმგებლობის გრძნობა და სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს, რომ როდესაც მსგავს მძიმე ბრალდებებზეა საუბარი, შესაბამისმა თანამდებობის პირმა სათანადო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურების დასაწყებად.

შეწყალების საკითხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი – უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე, ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.