ირაკლი კობახიძე - ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, რათა მოახერხონ ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა
ირაკლი კობახიძე - ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, რათა მოახერხონ ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა

მთავარი მიზანი არის ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ 2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად, ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, რათა მოახერხონ ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ თავის დროზე არჩევნებში მივიღეთ სახალხო ლეგიტიმაცია, დღეს 60 პროცენტს აჭარბებს ჩვენი ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, ამას უნდა შეეგუოს ყველა. მათ შორის, ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები უნდა შეეგუონ ამ ყველაფერს და, რა თქმა უნდა, როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს ტყუილებით, ხელოვნური მანიპულაციებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და რევოლუციის გამოწვევა, ასევე ვერ მოახერხებენ ამას ვერც ამ შემთხვევაში.

ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, არ ვიზრუნოთ ღირებულებების, არსრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, არ მივიღოთ კანონი „ენჯეოების“ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, დამნაშავეებს გვიცხადებენ ისეთ ადამიანებად, რომლებზეც პირიქით, იქით უნდა ვიზრუნოთ და ჰუმანიტარული ნაბიჯები გადავგდათ; გვეუბნებიან, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა, ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები აქვს გადადგმული, რომლითაც თვისობრივი გარდატეხა მოუტანა ქვეყანას. ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ.  როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ასევე ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.