ირაკლი კობახიძე - ოდიოზურ ევროპარლამენტართა თხოვნები გაუმჭვირვალობაზე, ლგბტ პროპაგანდაზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ივანიშვილის დასჯაზე არის შანტაჟი და ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - ოდიოზურ ევროპარლამენტართა თხოვნები გაუმჭვირვალობაზე, ლგბტ პროპაგანდაზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ივანიშვილის დასჯაზე არის შანტაჟი და ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს

ოდიოზურ ევროპარლამენტართა თხოვნები გაუმჭვირვალობაზე, ლგბტ პროპაგანდაზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ივანიშვილის დასჯაზე არის შანტაჟი და ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ეს არ არის მეგობრების თხოვნა.

„არავითარი ფასი არ აქვს მეგობრის თხოვნას, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ იმას, რომ მთავარი ევროპული ღირებულება, გამჭვირვალობა არ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში; ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას; სააკაშვილის გათავისუფლებას; ბიძინა ივანიშვილის დასჯას.

ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი დეპუტატების თხოვნები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მხედველობაში ვერ მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს თხოვნები ეფუძნება სრულიად არაევროპულ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. თხოვნებს, სინამდვილეში, შანტაჟის მცდელობას, არავითარი ფასი არ აქვს არც ჩემთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტმა გუშინ რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს. 

რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე: „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.