მამუკა მდინარაძე - გუნდში გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ
მამუკა მდინარაძე - გუნდში გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ

ცხადია, მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ, ეს ახალი არ არის. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელი განხილვის კომენტირებისას განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და არა მხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მით უმეტეს იმ კოლეგების, რომელთაც ყოველთვის გააჩნდათ საპირისპირო აზრი. დღეს მათ მოიტანეს მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ის ასე ჟღერს – რატომ მივდივართ კომპრომისზე იმ ძალასთან, რომელიც პატრიარქის მორალურ მკვლელობას გეგმავს? ეს გასაგებია, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ იხსენებს ოპოზიცია საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესს, რადგან სწორედ ამ განხილვებზე მოსახლეობა ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.  ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი