მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში იქნებოდა, თუ მთავრობის თანხმობით გაემგზავრებოდა ნამდვილად ევროპული მესიჯებით, მთავრობისგან ვერ ექნებოდა ნდობა, როცა ამბობს, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში იქნებოდა, თუ მთავრობის თანხმობით გაემგზავრებოდა ნამდვილად ევროპული მესიჯებით, მთავრობისგან ვერ ექნებოდა ნდობა, როცა ამბობს, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში 100 ხმის შეგროვების იმედი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დემონსტრაციულ და უხეშ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს.

„ხვალ იქნება კომიტეტი და შესაბამისი დოკუმენტების დართვით საკითხი გადაეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო, დადებს თავის დასკვნას. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალია ჯონი ხეცურიანის წიგნში, როდესაც ის მეცნიერულ დონეზე აღწერს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რამდენიმე წლის წინ დაწერილ სახელმძღვანელოში პირდაპირ ანალოგიური მაგალითია მოტანილი. წიგნის მიხედვით, ეს არის შემთხვევა, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე, მან საგარეო კურსთან დაკავშირებით წარმომადგენლობის განხორციელება სცადოს. შესაბამისად, ეს არის ქეისი, რომელსაც სახელმძღვანელოებში პროფესორები, აკადემიკოსები, ამ დარგში ავტორიტეტული პირები მაგალითად მოიტანენ ხოლმე. ეს იმდენად კლასიკური და მარტივი მაგალითია, რომ კომპეტენციური დავაც კი არ ხდება. წარმოუდგენელია, იმსჯელო, არის თუ არა ეს კანონდარღვევა. ამის სივრცე იურისპრუდენციაში უბრალოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ უდავოა იურისტებისა და საზოგადოებისთვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ბუნებრივია, ეს საკითხი ჩვენ მიერ სწორად იყო დასმული, იმპიჩმენტის საკითხის დაძვრაც აბსოლუტურად სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი იყო.

ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ შევაგროვებთ 100 ხმას საქართველოს პარლამენტში, მაგრამ არ შეიძლება, უბრალოდ გაატარო ასეთი დემონსტრაციული და უხეში დარღვევა. ამას აქვს პოლიტიკური, მათ შორის მორალური მხარე. 78-ე მუხლში, რომელსაც თავისი ჭკუით გვიტრიალებდნენ, წერია, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა სახელმწიფო უწყებამ, ინსტიტუტმა უნდა იმოქმედოს ევროპულ გზაზე, ევროპაში ინტეგრაციისთვის და შესაბამისად, მისი კომპეტენციის ფარგლები ეს არ არის. ამ ფარგლებში ჩაჯდებოდა მისი მოქმედება, თუ ის მთავრობის თანხმობით გაემგზავრებოდა შესაბამისი შეთანხმებული მესიჯებით, ნამდვილად ევროპული, პროდუქტიული მესიჯებით და არა პირიქით, კონტრპროდიქტიულით, რომელიც მან გაახმოვანა, თითქოს შარშან არ ვიმსახურებდით სტატუსს, წელს ვიმსახურებთ. ბუნებრივია, მთავრობისგანაც ნდობა ვერ ექნებოდა პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში საუბრობს, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს. დღესაც კი, ამ მოცემულობით, როდესაც ქვეყნის გარედანაც იმპიჩმენტზე გვაკრიტიკებენ, მას არცერთი ფრაზა არ უთქვამს იმის დასადასტურებლად, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, სადაც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით  განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტების შემდეგ, 7 სექტემბერს გააკეთა პირველი განცხადება. ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. „მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.