მამუკა კობახიძე - მეტრო „ვარკეთილში“ ორი კომპანია იყო, რომელმაც პროექტი შეადგინა და რომელმაც  შეასრულა
მამუკა კობახიძე - მეტრო „ვარკეთილში“ ორი კომპანია იყო, რომელმაც პროექტი შეადგინა და რომელმაც  შეასრულა

სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვემო ვესტიბიულიდან ჩამოშლილი ჭერის ნარჩენები უკვე გატანილია.

მისივე თქმით, აღდგენილია განათებაც და მეტროსადგურის ფუნქციონირების განახლება ხვალ დილისთვის იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ დილით ექვსი საათისთვის, როგორც სტანდარტულად იწყებს მეტროსადგური მუშაობას, დაიწყებს ვარკეთილის მეტროსადგურიც ფუნქციონირებას. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მათი დასკვნის საფუძველზე მოხდება უკვე დასკვნის გამოტანა. საპროექტო სამუშაოების დროს იყო დაშვებული შეცდომა თუ სამშენებლო სამუშაოების დროს, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

თავის დროზე, შედგა საპროექტო სამუშაოები, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო რემონტი და ამის საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი. გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც განახორციელა ეს სამუშაოები. ორი კომპანია იყო – ერთი, რომელმაც შეასრულა საპროექტო სამუშაოები, ხოლო მეორე მშენებელი, რომელმაც შეასრულა სარემონტო სამუშაოები. ეს ორი კომპანია იყო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.