მამუკა ბახტაძის მხრიდან 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურს არასამთავრობო სექტორმა მიმართა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. არასამთავრობო სექტორმა ჩვენ თხოვნით მოგვმართა. ამ საკითხს ვნახავთ, შევისწავლით და პასუხს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.
კითხვაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით მას პირადად თუ უჩნდება კითხვები, მექვაბიშვილმა უპასუხა – „კითხვები არსებობს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით, ექსპერტიზას გავაკეთებთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა მექვაბიშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ სხდომაზე მამუკა ბახტაძესაც დაუსვეს. როგორც მან განმარტა, საკუთარი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს გადაურიცხავს და მისი ფიზიკური ანგარიში, მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული.