მამუკა ბახტაძე - ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“
მამუკა ბახტაძე - ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“

ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ დაუსვა. მან ბახტაძეს ჰკითხა, ადასტურებდა თუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაურიცხა 20 ათასი ლარი და თუ ადასტურებდა, როგორ განმარტავდა აღნიშნულ საკითხს.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მისი პირადი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული.

„თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს ძალიან მარტივი და პირდაპირი პასუხი – არა. მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“.  2012 წელს, რათა არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, თქვენ შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება საბანკო საქმიანობის შესახებ. ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში გამოყენებულ იქნა მხოლოდ ტექნიკურად“, – უპასუხა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ის 2011 წლიდან იყო და არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

„2012 წელს დაკავებული ვიყავი ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს, მთელ ქართველ ერთან ერთად, ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“,- მიმართა ბოკუჩავას ბახტაძემ.