კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა
კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ნაწილში საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა.

„ხაზი გაესვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ეფექტურ მუშაობას და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მხრივ სხვა კომიტეტების გააქტიურება და ჩართულობა.

მხარეებმა ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომლებიც ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გატარდა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ და გენერალურმა აუდიტორმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს.