საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჭუბერში უახლოეს პერიოდში ელოდებიან.
როგორც პირველ არხს პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, ვერტმფრენი, რომლითაც მამუკა ბახტაძე სტიქიის ზონაში გაემგზავრა, უამინდობის გამო, ჭუბერში ვერ დაფრინდა. პრემიერი ზუგდიდში დაბრუნდა, საიდანაც სტიქიის ზონაში ავტომობილით გაემგზავრება.
მამუკა ბახტაძესთან ერთად, ჭუბერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია.
სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჭუბერში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მოსახლეობის საჭიროებების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.