მამუკა ბახტაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„გუშინ მხუთავმა აირმა ჩვენი შვიდი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები.
მოგეხსნებათ, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ვალდებული ვართ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს.
ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.