პრემიერ-მინისტრის დავალებით, დავით ზალკალიანი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის დაკავების გამო, დიპკორპუსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს დაავალა, შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რუსი სამხედროების მიერ მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.
„მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს.
ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.
შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.
მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.