მამუკა ბახტაძე - წელს ჩვენ დავაბრუნებთ დღგ-ს ქართველი მეწარმეებისთვის იმ რაოდენობით, რაც დააბრუნეს 2010, 2011 და 2012 წელს ერთად
მინდა, სტატისტიკისთვის მოგაწოდოთ, წელს ჩვენ დავაბრუნებთ დღგ-ს ქართველი მეწარმეებისთვის იმ რაოდენობით, რაც თქვენ დააბრუნეთ 2010, 2011 და 2012 წელს ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეცვალა ბიზნესისადმი მანამდე დამკვიდრებული მიდგომა და მათ უყურებს, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ ძალას, და არა იმ სექტორს, “საიდანაც ფული უნდა ამოიღო და შემდეგ დახარჯო ზუსტად სხვადასხვა პოლიტიკურ ამბიციებში”.
“ჩვენ დავამკვიდრეთ დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა, მაშინ როცა ნებისმიერ მეწარმეს ჰკითხეთ როგორ იყო ეს 2013 წლამდე. როცა დღგ-ს დაბრუნებას ვინმე ითხოვდა – ან ფინანსური პოლიცია შედიოდა იქ, ან თუ გაუმართლებდა – საგადასახადო. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ვინმემ დაიწყო ეკონომიკის ნგრევა და თურმე ჩვენ ამით თავისუფალ ეკონომიკას ვუქმნით საფრთხეს. არა, ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ სექტორებში, რომლებშიც არის ეს უსამართლო თამაშის წესები, ჩვენ ისინი შევცვალოთ და დავამკვიდროთ ნამდვილ, რეალურ საბაზრო ეკონომიკაზე მორგებულ პრინციპებზე, ისეთზე, საითკენაც მიისწრაფის საქართველო თავისი ისტორიული არჩევანით. ეს არის სწორედ ევროპული სტანდარტი. მინდა გითხრათ, რომ სწორედ უახლოეს დღეებში იყო, რომ როდესაც დაფიქსირდა ისტორიულად ყველაზე მაღალი საგადასახადო ნაწილში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სისტემას ანგრევს, ეს საზოგადოებისთვის მიმინდია”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ჩვენ მემკვიდრეობით ერგო სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში უსამართლო თამაშის წესები და მიმდინარეობს მუშაობა ამ ყველაფრის გამოსწორებაზე.
“ამის კონკრეტული მაგალითი მოგიყვანეთ, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომლსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს იქნება ის, რომ 2011-2012 წლებში სრულიად უსაფუძვლოდ დარიცხული საგადასახადო დავალიანება, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი კომპანიის გაჩერება, ამ კომპანიებს ჩამოეწერებათ და ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას, განვითარდნენ ეკონომიკურად და შექმნან სამუშაო ადგილები. თანხა თუ გაინტერესებთ ეს რამდენია 2013 წლის პირველ იანვრამდე, რომელზეც ძალიან დიდი წილი მოდის 2011-2012 წლების დავალიანება, არის 450 მილიონი ლარი და ის შეეხება 36 000 გადამხდელს. სამუშაო ადგილებზე როცა ვსაუბრობთ, აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ერთადერთი წყარო იმისთვის, რომ საქართველოში ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები იმ რაოდენობით, რაც საჭიროა სიღარიბის დასამარცხებლად. იმ სტატუსკვოში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით გვერგო, რომ საგადასახადო ტვირთი ინდმეწარმეს და მცირე ბიზნესს ჰქონდა უფრო დიდი, ვიდრე ჰქონდა მსხვილ ბიზნესს, ბუნებრივია ამის მიღწევა იქნებოდა ძალიან ძნელი. სწორედ ამით დავიწყე მე ჩემი გამოსვლა, რომელსაც თქვენ ეტყობა ყური არ დაუგდეთ, რომ ჩვენ გვქონდა და გვაქვს ეკონომიკის ზრდის კარგი ტემპი, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობა, მას აკლია ჩართულობა მოსახლეობის და მცირე მეწარმეების და საშუალო ზომის კომპანიების. რატომ? მათ შორის იმიტომ, რომ მათი დატვირთვა ასეთი უსამართლო საგადასახადო გადაწყვეტილებებით მოხდა მასშტაბურად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.