მამუკა ბახტაძე - „თიბისი“, გამოძიება და ანაკლიის პროექტი სამი სხვადასხვა საკითხია, მათი აღრევა შეიძლება, ემსახურებოდეს ერთ მიზანს, არ გაეცეს კითხვებს პასუხი
ჩვენ პატივს ვცემთ და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ყველა ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, ეს არის ჩვენი მთავრობის ფილოსოფია, ასევე დახმარება ნებისმიერი ქართველი მეწარმის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ამასთან პრემიერის თქმით, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან კონკრეტული კითხვის არასწორი მიმართულებით გადამისამართება, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.
„აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ თუ ნებისმიერი ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა იქნება მამუკა ხაზარაძე, მამუკა ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა, ექნება მცდელობა, კონკრეტული კითხვის შემთხვევაში კითხვა სრულიად არასწორი და არარელევანტური მიმართულებით გადაამისამართოს, რა თქმა უნდა, ეს იქნება არასწორი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. საქმე, რომელზეც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, კონკრეტული საკითხია, იქ არის ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის საბანკო საქმიანობას, პრინციპებს, როგორადაც უნდა ხდებოდეს კორპორატიული მართვა და ა.შ. მას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ამ პროექტს უკავშირდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, აქცენტების გადატანა სრულიად არასწორად და არამართებულად ხდება.
„რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში, არანაირი. მაშინ რატომ ხდება ამ თემების აღრევა? მაქვს განცდა, რომ აუცილებლად, მათ შორის საინფორმაციო ველში უნდა მოხდეს განცალკევება „თიბისის“ საქმიანობის, რომელიც არის ძალიან ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი ჩვენთვის, ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ერთობლივი განცხადებით, ძალიან დადებითი ნაბიჯი გადადგეს ამ თვალსაზრისით. მეორე – განცალკევება ანაკლიის პროექტის, რომელიც არის ასეთი სტრატეგიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის და მესამე – ეს არის ცალკე არსებული საქმე, რომელზეც ბუნებრივია, არსებობს საჯარო ინტერესი და პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა საგამოძიებო ორგანო ინტენსიურ რეჟიმში უნდა ახდენდეს მოქალაქეების ინფორმირებულობას ამის შესახებ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის შეფასებით, ეს სამი სხვადასხვა საკითხია და მათი აღრევა შესაძლოა, მხოლოდ იმას ემსახურებოდეს, რომ კითხვებს პასუხი არ გაეცეს.
„მათი აღრევა შეიძლება, ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს – არ იქნას გაცემული შეკითხვებზე პასუხი. მხოლოდ ეს, ვინაიდან აღნიშნული შინაარსობრივი თუ ეკონომიკური მოდელის თვალსაზრისით არის სამი სხვადასხვა საკითხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.