მამუკა ბახტაძე - თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი
თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting), რომელიც ხორვატიაში იმართება და სადაც დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია.
„შეხვედრაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების, ამ შემთხვევაში, ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ამასთან ერთად, საუბარი გვქონდა ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მცირე და მიკრო მეწარმეებს უფრო მარტივი მექანიზმებით მივაწოდოთ დაფინანსება და შესაბამისად, გავხადოთ ისინი უფრო კონკურენტუნარიანები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, წლევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობას და მის შესაძლებლობებს. „განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ეხება ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებს, იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. ხდება გაზიარება იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით და ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრას (Constituency Meeting) 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.