მამუკა ბახტაძე - სპეკულაცია, რომ ნარკოპოლიტიკაზე თემის გააქტიურება ერთი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია, არასერიოზულია
ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნარკოპოლიტიკის ცვლილებების საკითხზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორების მიმართ კანონი პრინციპული იქნება.
„გუნდში არის მსჯელობა. ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად ტრანსპარენტული იქნება. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე და ჩვენ გვაქვს ამ კუთხით ახალი სტანდარტი დასამკვიდრებელი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ ბუნებრივია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და კომპრომისი ამ კუთხით არ იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ამასთან, ბახტაძე არასერიოზულს უწოდებს საუბარს ამ საკითხზე ბერა ივანიშვილის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით.
„მას შემდეგ, რაც მე ფინანსთა მინისტრად დავინიშნე, ძალიან ბევრი ინფორმაცია მესმის, მათ შორის, ჩემ პიროვნებასთან დაკავშირებით და არაერთი განმარტება გავაკეთე. ჩემი პასუხი ამაზე ძალიან მარტივია – ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბარი გუნდში, პარლამენტში, საზოგადოებასთან დაიწყო რამდენიმე თვის უკან. სპეკულაცია იმაზე, რომ ამის გააქტიურება ერთი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია, არასერიოზულია”, – განაცხადა ბახტაძემ.