სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულია პროექტების შერჩევაში სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობის და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფლის მცხოვრებლების საჭიროებების დაფინანსებაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა გაორმაგდეს და გახდეს 40 მილიონი ლარი. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონის 1000-ზე მეტმა სოფელმა უკვე გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.