მამუკა ბახტაძე - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ ბევრი კარგი რჩევა, როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ რეგიონული მართვის პოლიტიკა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი, რომლის ფარგლებში მივიღეთ ბევრი კარგი რჩევა და რეკომენდაცია, როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ რეგიონული მართვის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პროგრამის ბიუჯეტის გაორმაგების – 40 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ, რაც ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი, ვინაიდან სწორედ სოფლის მოსახლეობა წყვეტს, რაში დახარჯოს თანხა სოფელმა და რა არის პრიორიტეტი. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ. სახელმწიფო მოხელეები უნდა აკეთებდნენ იმ გადაწყვეტილების რეალიზაციას, რომელსაც მიიღებს მოსახლეობა და ამ შემთხვევაში – სოფელი. ვერც ერთ ადამიანს, რომლიც მმართველობის სისტემაში მუშაობს, ვერ ეცოდინება უკეთ, რა არის გასაკეთებელი. ეს პრაქტიკა ამგვარი კულტურის დამკვიდრების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 1000 სოფელში უკვე ჩატარდა კრება, რომელშიც მინისტრებიც და მათი მოადგილეებიც მონაწილეობდნენ. ასევე, აქტიური ჩართულობაა პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.