მამუკა ბახტაძე - შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც
შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დიდი ოთხეულის წარმომადგენელმა კომპანიამ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დაასრულა და ეკონომიკური ციფრებიც ძალიან იმედის მომცემია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი: პირველი – ეკონომიკური განზომილების, რომ მართლაც, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ უკუგებას მოუტანს ორივე ქვეყანას და რა თქმა უნდა, ამავე დროს არის ძალიან პოლიტიკური შემადგენელიც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგია, რომ საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც სწორედ ასეთი ხედვა აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკითხი არის პრინციპული და საქართველოს აქვს მხარდაჭერა ყველა დონეზე.