მამუკა ბახტაძე - შესაბამისი სამართლიანი თამაშის წესების პირობებში, ბევრი ახალგაზრდა სტარტაპერი შეძლებს წარმატებული ბიზნესის ორგანიზებას
მამუკა ბახტაძე - შესაბამისი სამართლიანი თამაშის წესების პირობებში, ბევრი ახალგაზრდა სტარტაპერი შეძლებს წარმატებული ბიზნესის ორგანიზებას

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების და ხელშეწყობის,  თამაშის ახალი სამართლიანი წესების დამკვიდრების, ასევე, საზოგადოებაში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრისა და სამომავლოდ მისი პრევენციის საკითხებში ძალიან პრინციპული ვიქნები. ამის შესახებ ფეისბუქ-ლაივ ჩართვისას ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა საბანკო სექტორთან მიმართებაში მის მიერ გაკეთებული განცხადების ტონთან დაკავშირებით დაუსვეს და ამავე დროს, სთხოვეს, რომ ტონი არ შეარბილოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული კითხვები, მათ შორის მწვავე ხასიათის, ყოველდღიური კონსულტაციები გაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხებს გაეცეს პასუხი და პასუხი გაეცეს იმ გზით, რომ მოკლე ვადაში გადავდგათ ნაბიჯები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავარი მიზანია დადგეს შედეგი.

„ამ შედეგებში ვგულისხმობ, პირველ რიგში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, სადაც არ მოხდება ისეთი უსამართლო მომენტები, რომელიც მომხდარა ჩვენს რეალობაში. მეორე  – ეს არის ჭარბვალიანობის თემა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის, შესაბამისად, გვჭირდება კონკრეტული დოკუმენტი, რეგულაცია, ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჭარბვალიანობა შევამციროთ და მეორეს მხრივ, მოვახდინოთ პრევენცია იმის, რომ ეს პრობლემა მომავალში როდესმე დადგეს. მესამე – ეს არის სასტარტო კაპიტალის რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და პროგრამის მიზნობრივ აუდიტორიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის ბენეფიციარებში პირველ რიგში იგულისხმება მცირე ბიზნესი, ამასთან, რეგიონული განვითარება, რადგან ქალაქებსა და რეგიონებს  შორის დისბალანსი არსებობს. ასევე, ბენეფიციარები უნდა იყვნენ ემიგრანტები.

„ბევრ ემიგრანტს  ძალიან კარგი, კონკურენტუნარიანი პროექტი აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ თამაშის წესები, სადაც ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ მათი პროექტების რეალიზაციას საქართველოში, ჩვენი ეკონომიკის და მათი ოჯახების საკეთილდღეოდ“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, პროგრამის ბენეფიციარები უნდა იყვნენ ასევე ახალგაზრდა სტარტაპერები. მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაბამისი ახალი სამართლიანი თამაშის წესების პირობებში, ბევრი ახალგაზრდა სტარტაპერი შეძლებს საქართველოში წარმატებული ბიზნესის ორგანიზებას.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივ ჩართვის დაწყებისას აღნიშნა, რომ ახალმა ინიციატივებმა საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსია გამოიწვია, რაც მისასალმებელია.

მისი თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა არგუმენტები იქნა წარმოდგენილი. მინისტრის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საზოგადოებაში არის განცდა, რომ სიღარიბის დამარცხების საშუალება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.

ფინანსთა მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარია ეკონომიკურად დასაბუთებულ და სიცოცხლისუნარიან პროექტებზე.

„მე განვაცხადე, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში ახალი სამართლიანი თამაშის წესები, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიურ ზრდაზე, ანუ ისეთი ტიპის ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ქართულ ოჯახს, ეს განცხადება ამის წინაპირობაა.

ეკონომიკაში, სადაც ვერ ხორციელდება ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტები, ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშის წესები ამ ეკონომიკაში არის გადასახადი. ეს არის ჩვენი მიდგომა – ეკონომიკაში თამაშის წესები უნდა იყოს ისეთი, სადაც ყველა ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტი განხორციელდება“,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.