მამუკა ბახტაძე - შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდება
მამუკა ბახტაძე - შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდება

შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე.

პარლამენტის ტრიბუნიდან მამუკა ბახტაძე მიესალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია საქართველოს.

„მივესალმები საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს, ქალბატონ ლილიან მორი პასკიეს – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და დიდ მადლობას ვუხდი საქართველოში ჩამობრძანებისთვის.

დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას – წელს 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა.

20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა ტრანსფორმაციის ძალიან რთული გზა. ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს გახლავთ სწორედ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებებისა და კულტურის შედეგი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მისი თქმით, 20 წლის წინ საქართველომ აიღო სერიოზული ვალდებულებები.

„საქართველომ პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევადად დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას; განახორციელებდა სასამართლო რეფორმას; იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველყოფდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით და ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით და კომუნიკაციით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხარში გვედგა ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოები.მათი აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია.

ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს იმ პერსონალური წვლილისთვის, რომელიც შეაქვს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო.

„2019 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იქნება მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპის საბჭოს და მეტი კონტრიბუცია შევიტანოთ მის საქმიანობაში.

ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ პერსონალური წვლილისთვის, რომელიც ყოველდღიურად შეგაქვთ იმ პროცესში, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.