მამუკა ბახტაძე - საზოგადოებრივი მოსაზრება იყო, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო, ჩვენც შესაბამისად მოვიქეცით
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი არასდროს მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი ქართულ საზოგადოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ კომენტარისას განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საზოგადოების მოსაზრება იყო, რომ ეს კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვეულიყო.
„სწორედ ეს იყო ჩვენი განაცხადი, რომ გავივლიდით კონსულტაციებს ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს დედაეკლესიასთან, საპატრიარქოსთან. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ჩვენ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ეს პროექტი უნდა გაწვეულიყო და ჩვენ შესაბამისად მოვიქეცით“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს.