ხვალ მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც სტრუქტურული ცვლილებების საკითხი განიხილება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროების რაოდენობა 11-ზე მეტი არ იქნება. მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია კი, ხვალ შედგება.
„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი.
„ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია, დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან გასულ კვირაში კონსულტაციები გამართა.