მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ღირსეული სამუშაო გაახმოვანა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები და სამხედროები ეწევიან
მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ღირსეული სამუშაო გაახმოვანა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები და სამხედროები ეწევიან

ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე, – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ტერორიზმის შესახებ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ანგარიში კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები და სამხედროები ეწევიან.

„ჩემი ვიზიტის პერიოდში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან მაღალი დონის მზადყოფნას, რაც აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.

ანგარიში არის ძალიან კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი. აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ოფიცერს, ჩვენ სამართალდამცავებს, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მიუხედავად გაზრდილი გამოწვევებისა ჩვენს რეგიონში, ისინი აგრძელებენ თავიანთი სამუშაოს ძალიან ღირსეულად შესრულებას და შესაბამისად, ამ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.