მამუკა ბახტაძე - საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს
მამუკა ბახტაძე - საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს

თბილისში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, კონფერენცია – „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“ მიმდინარეობს.

კონფერენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყანაში მაქსიმალურად განვითარდეს მცირე და საშუალო მეწარმეობა და ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა იქნეს მიღწეული, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

„დღეს ვისაუბრებთ, რა უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს საქართველოში სიღარიბის დამარცხებაში, ხოლო დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომერციული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტიპის დაფინანსების მექანიზმებზე.

ვფიქრობთ, დაფინანსების წყარო უნდა იყოს რამდენიმე და ამის საშუალებით, ორჯერ და სამჯერ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ისე, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. ეს  ინკლუზიური ზრდის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი შეფასებით საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას გააიაფებს.

„აღნიშნული საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს, რადგან კომერციულ ბანკებს რისკს უზღვევს, როდესაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.