მამუკა ბახტაძე - როდესაც არსებობს ეპიზოდი, სადაც შეიძლება, რაღაც გადაცდომას ჰქონოდა ადგილი, ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს
როდესაც არსებობს ეპიზოდი, სადაც შეიძლება, რაღაც გადაცდომას ან კანონდარღვევას ჰქონოდა ადგილი, ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს და პროკურატურა სწორედ ასეთ ჭრილში საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პროკურატურის მიერ საარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების შესახებ დაწყებული გამოძიების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ბუნებრივია, როდესაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია შესაძლო დარღვევაზე, ეს უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, თუმცა, რაც მე წავიკითხე, ერთ ცოტა კომიკურ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი ერთ-ერთ უბანზე. ზუსტად არ მახსოვს რომელ უბანზე იყო საუბარი. რასაც ამბობდნენ, რომ ვითომ ბიულეტენები ჩაყარეს, აღმოჩნდა, რომ ნაკლები ბიულეტენი იყო მასში დათვლილი. აქედან გამომდინარე, საქმე გვქონდა დეზინფორმაციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არსებობს კონკრეტული ეპიზოდი, სადაც შეიძლება, რაღაც გადაცდომას ან კანონის დარღვევას ჰქონოდა ადგილი, ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს და პროკურატურა სწორედ ასეთ ჭრილში საუბრობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.