მამუკა ბახტაძე - პარლამენტთან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობდა, ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი
საქართველოს პარლამენტთან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი.
„გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა ლეგიტიმური, რომელიც გამოვიყენეთ. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთნ ერთად, საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით, მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით.
სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილისგან, იმ ხალხისგან, რომელმაც მოახდინა ამის პროვოცირება, ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოყენება თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებდნენ სრულიად საწინააღმდეგოს. არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, შესაბამის კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. დღეს სრულად ვართ ფოკუსირებული ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ დროულად მოვიშუშოთ ეს იარები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები თითოეული ჩვენგანისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.