მამუკა ბახტაძე - მუშავდება ინიციატივა, რომლითაც მთავრობები ვალდებული იქნებიან, განათლების სექტორში მშპ-ს 6 პროცენტის ინვესტიციები განახორციელონ
მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მომავალ მთავრობებს ვალდებულება ექნებათ, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტიციები განახორციელონ განათლების სექტორში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სექტორისთვის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაიზარდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ყველამ კარგად იცით, ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულება განათლების მიმართ, იმ ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ რამდენიმე დღის წინ. ეს არის ეროვნული იდეა და ღრმად მწამს, რომ სწორედ ამ იდეის რეალიზაციით დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე დგას. დღეს ამ ინიციატივის ფარგლებში მინდა, რამდენიმე კონკრეტული ღონისძიება გავაჟღერო. მინდა ამავე დროს დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ამ ეროვნული იდეის საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ არსებული თუ ყველა მომავალი მთავრობები ვალდებულნი იყვნენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტიციები განახორციელონ განათლების სექტორში. ამასთან ერთად, ჩვენ, როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავზარდეთ და გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორისთვის. მიმდინარე წელს ის შეადგენს 1 მილიარდ 600 მილიონ ლარს, მომდევნო წელს ის გახდება 2 მილიარდი ლარი, შემდეგ ის გაიზრდება ნახევარი მილიარდი ლარით და 2020 წელს ის მიაღწევს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს. როგორც მე გავიმეორე, ეს ვალდებულება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში გადაეცემა ყველა ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობაში ვამუშავებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რითაც წარვდგებით პარლამენტის წინაშე, რომელიც უზრუნველყოფს ამ ვალდებულების შესაბამის ჩაწერას საკანონმდებლო აქტებში და რომლის მიხედვითაც, ეს იქნება ვალდებულება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეროვნული იდეის შექმნის პროცესში ყველას მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.
მთავრობის მეთაურმა დააანონსა ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს როგორც ონლაინ, ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, რექტორები, სტუდენტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული მხარე.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ხორცშესხმა ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც სცდება რეფორმების ჩარჩოებს. ამ იდეის ფარგლებში ვიწყებთ ზრდასრულთა სწავლების სისტემის განვითარებას პროფესიული განათლების ფარგლებში, რაც გახლავთ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ნაწილი. ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ სიახლეს, რომელიც გამოიწვევს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით პროფესიულ გადამზადებას და მათ სწრაფ დასაქმებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაო ადგილებს ჩვენს ეკონომიკაში. ამავე დროს, სახელმწიფო დააფინანსებს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნება მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროებად. ხელმისაწვდომი იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები სამშენებლო, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ეტაპობრივად გაფართოვდება სხვა სფეროებითაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სწრაფი და ეფექტიანი საშუალება და რაც იქნება სიღარიბის დაძლევისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.