მამუკა ბახტაძე - მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს, საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის
საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, ვიყოთ წარმატებულები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის პრეზენტაციაზე.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ციფრული აბრეშუმის გზის განვითრების იდეა გულისხმობს ერთიანი ციფრული ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული პროდუქტის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილებას, რაც თავის მხრივ, საქართველოში ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების გაჩენის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული.
„უახლოეს პერიოდში, შეიქნება საერთაშორისო კონსორციუმი, სადაც შევლენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთ დროს, ბუნებრივია, უნივერსიტეტისა და ზოგადად, აკადემიური წრეების, ჩვენი ახალგაზრდების, ვინც არიან დაინტერესებულები თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიებით ჩართულობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ ყველაფერმა, უნდა მოგვცეს ის ენერგია, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ციფრული პროდუქტი, რომელზეც იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არსებობს ნიჭი, ტალანტი და რაც მთავარია, სტრატეგია, რომ ვიყოთ წარმატებულები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზების და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.