კახა ბექაური - მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, საკუთარი მონაცემთა გაცვლის ცენტრების მოსაწყობად, საქართველო ყველაზე სწორი და მომგებიანი ქვეყანაა
კახა ბექაური - მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, საკუთარი მონაცემთა გაცვლის ცენტრების მოსაწყობად, საქართველო ყველაზე სწორი და მომგებიანი ქვეყანაა

ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პროექტში ყველა უნდა იყოს ჩართული. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ამ პროექტში აქვს ბუნებრივი უპირატესობა, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების პროცესში, არ უნდა იქნას ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შელახავს. დღევანდელი მდგომარეობით არის რისკი, რომ „კავკასუს ონლაინის“ უკანონო გაყიდვის ფონზე, საქართველო ამ პროექტში გახდეს რიგითი მოთამაშე, პროცესზე დამკვირვებელი და აღარ ეკავოს წამყვანი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, ყველას ინტერესის გათვალისწინება გვინდა და ამას გავაკეთებთ კიდეც, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს მეორე მხარის მიერაც, – ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, იმ გარემოების გამო, რომ შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წელიწადზე მეტია, უკანონოდაა გასხვისებული, შესაძლოა, საქართველომ თავისი ბუნებრივი გეოპოლიტიკური უპირატესობა დაკარგოს.

„რადგან რისკები არსებობს, კანონიც ამიტომ მოითხოვს წინასწარ თანხმობას. კანონის მოთხოვნა არ შესრულდა და ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, წინასწარ, როგორც ამას კანონი მოითხოვს, სრულყოფილად გამოგვეკვლია, რა გავლენას მოახდენდა ასეთი ტრანზაქცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ეკონომიკასა და საინფორმაციო უსაფრთხოებაზე“, – ამბობს კახა ბექაური.

კომისიის თავმჯდომარე იმ პერსპექტივებსა და პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქვეყანას ციფრული ჰაბის საქართველოში განთავსება მოუტანს.

„დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში მომავლის ეკონომიკა ციფრულ აბრეშუმის გზაზე გადის. შეიძლება, ბევრმა არ იცის, მაგრამ მსოფლიოში ციფრული ეკონომიკა ტრილიონობით აშშ დოლარს ითვლის, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს გეოგრაფიული უპირატესობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მაგალითად, საქართველოს გავლით წლებია, ფუნქციონირებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. საუბარია იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სატრანსპორტო კვანძიც, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. ასევე, განიხილება სამხრეთ კავკასიის ციფრული ჰაბის შექმნის საკითხი. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ხაზი საქართველოს გავლით ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროპასა და აზიას შორის 370 ტერაბიტ/წამი ინტერნეტის გატარების პოტენციალი ექნება, რაც ევროპა – ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 45-პროცენტიან წილს ნიშნავს. ამ ტრანზიტით შექმნილი პოტენციალი, პირველი ხუთი წლის შეფასებით, ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავლის მომტანი იქნება, ყველა შემდეგ წელს კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 30 პროცენტით გაიზრდება“, – აცხადებს კახა ბექაური.

მისივე თქმით, ციფრული ჰაბის პროექტში საქართველომ გეოპოლიტიკური და ინფრასტრუქტურული უპირატესობა ეფექტურად უნდა გამოიყენოს, რადგან ეს ქვეყანას მილიარდიან ინვესტიციებს მოუტანს.

„ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობიდან გამომდინარე, პროდუქტის მწარმოებელი გიგანტი კომპანიებისთვის, როგორებიც არის „ამაზონი“, „გუგლი“, „ფეისბუქი“, „ნეტფლიქსი“ და სხვა, საკუთარი მონაცემთა გაცვლის ცენტრების მოსაწყობად, საქართველო ყველაზე სწორი და მომგებიანი ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, გესმით, რამხელა ინვესტიციებზეა საუბარი, თუ ასეთი ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარ მონაცემთა ცენტრებს საქართველოში განათავსებენ. ინვესტიციების მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე თვის წინ „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ იტალიის ჩრდილოეთით საკუთარი მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. როდესაც მხოლოდ ერთი კომპანიის მონაცემთა ცენტრი მილიარდიან ინვესტიციას მოიცავს, წარმოიდგინეთ, ციფრული ჰაბის საქართველოში შექმნის შემთხვევაში, რამდენი ასეთი მონაცემთა გაცვლის ცენტრი აშენდება და რამხელა ინვესტიციებს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც სხვა დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ეკონომიკის განვითარებისა, ამას სხვა სარგებელიც აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი მიმართულებაა საინფორმაციო უსაფრთხოება, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.