მამუკა ბახტაძე - მთაში საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის საინვესტიციო პროგრამები შემუშავდება
მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 66 მლნ ლარი უკვე გამოყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.
მისი თქმით, გარდა ამისა, მთის სტაბილური და შეუქცევადი განვითარებისთვის საჭირო გახდა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს ჰქონოდა დამოუკიდებლობის დღიდან. ეს საშუალებას მოგვცემდა, გაცილებით ადრე გადაგველახა ბევრი პრობლემა, რომელიც დგას მთის წინაშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ძირეული პრობლემა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 730 დასახლებას, მთის 300 ათასზე მეტი მაცხოვრებლისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისა და ამ მიზნით, მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა.
„გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება 4 სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამები შემუშავდება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები გაძლიერდება.
„ჩვენი ხედვა გახლავთ სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების განვითარება, სადაც გვექნება მაქსიმალურად ორგანული პროდუქცია და სწორედ ეს არის მთის უპირატესობა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მივიღებთ კანონს ორგანული პროდუქციის წარმოების გადასახადებისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, შეიძლება ითქვას, სწორედ საქართველოს მთა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უნიკალურ საგადასახადო შეღავათს მიიღებს. მთის მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერისთვის გაგრძელდება მუშაობა ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რისთვისაც მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, წყალარინების, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისთვის.